4/07/2010
ფრანგული ფოტოგრაფია
მაღალპოლიგრაფიული ჟურნალი, შეიძლება ითქვას, ნამდვილი დეფიციტია ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო, საინტერესო ტექსტობრივი თუ ფოტომასალით თანდართული, ამიტომ ყოველი ასეთი სიახლის გამოჩენისთანავე ქართველი მკითხველი განსაკუთრებით აქტიურდება ხოლმე. ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის, ალბათ, უცხო არ არის ჟურნალ "ამარტას" ერთგვარი ფოტოდამატება, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო სიახლეებით.
დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში გამართული რიგით მეოთხე ჟურნალის პრეზენტაცია ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ასეთი პატივი "ამარტა ფოტოს" არც ერთ წინამორბედს არ ხვდომია წილად. რატომ ფრანგული კულტურის ცენტრი? ეს კითხვა ბევრ ჩვენგანს დაებადა, ვიდრე ახალ ნომერს გადავავლებდით თვალს. ეს უკანასკნელი კი მთლიანად ფრანგული ფოტოგრაფიის წარსულსა და აწმყოს დაეთმო.
ჟურნალის რედაქტორები გურამ წიბახაშვილი და ნესტან ნიჟარაძე არიან. მათ წილად ხვდათ ბედნიერება, დიუმას ცენტრის წყალობით ორი კვირით საფრანგეთში ემოგზაურათ. მოგზაურობის შემდეგ "ფოტოს" ახალი ნომერი ძალზე საინტერესოდ იქნა შედგენილი, პროლოგიდან - დასასრულამდე. წინასიტყვაობად მას ჟაკ ლუი მანდე დაგერის სიტყვები წარუმძღვარეს, რომელიც ხელოვანმა 1839 წელს ფოტოგრაფიის შესახებ წარმოთქვა. დაგერის რეზიუმეს მდიდარი ფოტომასალა მოჰყვა, თანდართული ნესტან ნიჟარაძის ტექსტებით, რომელმაც ფოტოგრაფიის ისტორია მისსავე სამშობლოსთან მჭიდრო კონტექსტში წარმოაჩინა.
ნესტან ნიჟარაძისა და გურამ წიბახაშვილის მოგზაურობა მთლიანად მიეძღვნა საფრანგეთის ფოტოგრაფიის ფესტივალს. ის პარიზის შუაგულიდან (ცნობილი მუზეუმებიდან და გალერეებიდან) დაიწყო და დიდ სივრცეებში გადაინაცვლა. თავდაპირველად შედგა შეხვედრა არლის ფესტივალთან, რასაც პარიზი მოჰყვა.
პარიზში ქართველ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საინტერესო ფოტომასალას გასცნობოდნენ. მათი ყურადღება ყველაზე მეტად ამერიკელი რიჩარდ ავედონის ფოტოგამოფენამ მიიპყრო. მას პარიზის ძველი სასაფლაოები, მუზეუმები და ულამაზესი პეიზაჟები მოჰყვა. ძალზე საინტერესო იყო კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი ხელოვანის გახსენება, რომლის სახელი და გვარი ისტორიამ არ შემოგვინახა. ამ უცნობმა ქართველმა დიდი წვლილი შეიტანა ფრანგული ფოტოგრაფიისა და ვიზუალური ხელოვნების განვითარებაში. მან არაერთი ცნობილი მხატვრის პორტრეტი აჩუქა საფრანგეთს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment