4/13/2010

გია დვალის კვლევები და დამსახურებები



ჟენევის ატომური კვლევების ცენტრის ჩEღN-ის თანამშრომელი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და მიუნჰენის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი გია დვალი საქართველოს ფარგლებს გარეთ 1992 წლიდან მოღვაწეობს. პერიოდულად გია დვალი სამშობლოში ჩამოდის და თავის ცოდნას ქართველ კოლეგებს და სტუდენტებს უზიარებს.
გია დვალმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1985 წელს დაამთავრა. 1992 წელს კი, თეორიულ ფიზიკაში ხარისხი მოიპოვა. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისათვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანმა გადასცა.
ფიზიკოსის სამეცნიერო საქმიანობა ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის პრემიით აღინიშნა. ჰუმბოლდტის ფონდი არის გერმანიის სახელმწიფო ფონდი, რომელიც აფინანსებს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს. ფონდი ასევე გასცემს სხვადასხვა ჯილდოებს და პრემიებს საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერთათვის. გამოჩენილ მეცნიერებს გადაეცემათ ჰუმბოლდტის პრემია და ჰუმბოლდტის პროფესურა, რომელიც გასულ წელს ქართველმა მეცნიერმა გია დვალმა მიიღო.
ქართველი ფიზიკოსის კვლევები ფუნდამენტურ მეცნიერებებს განეკუთვნება. გია დვალი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ.
„ჩვენ ვართ ფუნდამენტური მეცნიერების წარმომადგენლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ვცდილობთ ისეთ კითხვებს გავცეთ პასუხები, რომელთაც დღეს გამოყენებითი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია მეცნიერებისათვის. მაგალითად, როგორი იყო სამყაროს პირველსაწყისი, რისგან შევდგებით ჩვენ და რისგან შედგება სამყარო, რა არის მისი მომავალი, როგორია მატერიის სტრუქტურა, საერთოდ რა ძალები არსებობენ სამყაროში და რამდენ განზომილებიანია ის“, - აღნიშნა გია დვალმა სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის დაწყებამდე.
თანამედროვე მიღწევები კოსმოლოგიაში, გრავიტაციასა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ფუნდამეტური საფუძვლების თეორიული გააზრება – ყოველივე ეს პროფესორმა გია დვალმა ორსაათიან ლექციაზე მიმოიხილა.
„გვაქვს ფაქტები, იქმნება თეორია, შემდეგ ყალიბდება წინასწარმეტყველება და ექსპერიმენტების საშუალებით ვცდილობთ შემოწმებას“, - ამბობს გია დვალი, რომელიც ამჟამად კოსმოლოგიური დაკვირვებებით და ახალი თაობის ექსპერიმენტებით ცდილობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის და კოსმოლოგიის გარკვეული კონცეფციებისა და იდეების გადამოწმებას.
ინფორმაციის წყაროა www.tsu.edu.ge

No comments:

Post a Comment